რა თანხა მიიღეს ფერმერებმა ვაშლის გაყიდვით - ბოლო მონაცემები

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 15 გადამამუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად 8,6 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. წელს ვაშლის უხვი მოსავალია მოსალოდნელი – დაახლოებით 120 ათასი ტონა, საიდანაც 50 ათას ტონამდე არასტანდარტულია. ძირითადად, ეს არის შიდა ქართლის რეგიონი, სადაც ვაშლის მოსავლის 70% იწარმოება.
30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 35,4 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გორში ამოქმედებული შტაბი კიდევ რამდენიმე თვე იმუშავებს, რათა მოსავლის დაბინავება უზრუნველყოს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
2022 წლის 1 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 1.257 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 814 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს