ტრაგედია სეულში: კორეელ ხალხს საქართველოში სამძიმარი გამოუცხადეს

დამწუხრებული ვართ სეულში მომხდარი საზარელი მოვლენების გამო, რამაც ტრაგიკული მსხვერპლი გამოიწვია, დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა კორეელ ხალხს სეულში შაბათს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც სულ მცირე 154 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სეულში, იტხევონის რაიონში ჰელოუინის აღნიშვნას ტრაგედია მოყვა. ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, ჭყლეტაში 154 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის უმრავლესობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან.
„თანავუგრძნობ კორეის რესპუბლიკის ხალხს ამ მძიმე დროს და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც თავისი ახლობლები საშინელ ჭყლეტაში დაკარგეს“, - დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ში.
ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
„ღრმად ვართ დამწუხრებული სეულში მომხდარი საშინელი მოვლენების გამო, რომლებმაც ტრაგიკული მსხვერპლი გამოიწვია. თქვენს გვერდით ვდგავართ, ვუცხადებთ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამ მძიმე დროს კორეის გვერდში დგას.
იხტევონის რაიონში მომხდარი ტრაგედია მსხვერპლთა რიცხვით სამხრეთ კორეაში უდიდესია 2014 წლის შემდეგ, როდესაც ბორანი „სევოლი“ ჩაიძირა. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.