ქუთაისის აეროპორტი სამკვირიანი პაუზის შემდეგ მუშაობას განაახლებს

ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 6 ავიაკომპანია რეისებს 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ასრულებს
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ორშაბათს ღამით განაახლებს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს დაიკეტა და 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები გაჭიანურდა. ამ პერიოდში რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდებოდა.
„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 6 ავიაკომპანია რეისებს 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ასრულებს.
2022 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 8%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდი დაამყარა. სექტემბერში აეროპორტში 99.079 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის სექტემბერში - 91.713-ს).
გარდა ამისა, აეროპორტს ავიარეისების აღდგენის კუთხითაც დადებითი დინამიკა აქვს. სექტემბერში აეროპორტი მოემსახურა 418 რეისს, რაც 38%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის სექტემბერში იყო.