თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს — ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები რუსეთის შფოთვებს გაითვალისწინებს, განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ტელეარხ Россия 1-თან ინტერვიუში.
მისი აზრით, ამერიკის ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიუჯდება თუ არა მოლაპარაკებათა მაგიდას.
წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიძლება გახდეს ორი ლიდერის მოლაპარაკების პლატფორმა, პესკოვმა უპასუხა:
„შეერთებული შტატების სურვილი, მოისმინოს ჩვენი შეშფოთება. ანუ შეერთებული შტატების ფაქტობრივი სურვილი, დაუბრუნდეს დეკემბერ-იანვრის მდგომარეობას და დასვას კითხვა: „იქიდან, რასაც რუსები გვთავაზობენ, შესაძლოაა ყველაფერი არ გვაწყობდეს, მაგრამ იქნებ მაინც ღირდეს მათთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა?“
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებაში, რომელიც ამჟამად „ძალადობრივად მოქმედებს“, აზრს ვერ ხედავს. თუმცა, მიი თქმით, თუ პუტინს მაინც შეხვდება, რუსეთში გასამართლებული ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის ბედით დაინტერესდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეფასებით, ბაიდენის განცხადებები, რომ მზად არ არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის, არ ართულებს საერთაშორისო ვითარებას. მისი თქმით, რუსეთი არ არიდებს თავს შეერთებულ შტატებთან კონტაქტებს, თუმცა საღი ინიციატივები ჯერ არავის შეუთავაზებია.