ნატოს ცენტრში საერთაშორისო კურსი დასრულდა: რა ისწავლეს მსმენელებმა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა, რომლის მსმენელებსაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახური ცნობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კურსი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ორ ნაწილად — თეორიულ და პრაქტიკულ ფაზებად ჩატარდა.
„თეორიულ ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, სადაც კურსანტებს შესაძლებლობა მიეცათ, საწვრთნელი ხაზები მოეწყოთ და ოცეულის ზომის რეალურ ქვედანაყოფზე დაკვირვება განეხორციელებინათ“, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
ხუთდღიან სწავლებას, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრებიც უძღვებოდნენ.