თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის კამერული მუსიკის რიგით მე-16 ფესტივალი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1–დან 6 ნოემბრის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კამერული მუსიკის ფესტივალი საქართველოში 2006 წლიდან იმართება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.
მონაწილეებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, პიანისტი მარიანა აჩბა, ასევე სასულე კვინტეტი (ფლეიტისტი ნატალია ლომინაძე, ჰობოისტი სალომე კვალიაშვილი, კლარნეტისტი დავით ჯიშკარიანი, ფაგოტისტი გიორგი ალავიძე).
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე (საქართველო/თურქეთი/გერმანია), პიანისტი მამიკონ ნახაპეტოვი (საქართველო/გერმანია), ასევე ს. ცინცაძის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და სხვები.
ფესტივალზე შესრულდება მოცარტის, შუბერტის, ბრამსის, ჰაიდნის და ყანჩელის ცნობილი ნაწარმოებები.