რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას? უწყების განმარტება

დოკუმენტის დაზღვევა შესაძლებელია საბუთის დამზადებაზე განაცხადის მიღების პროცესში.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, დოკუმენტების აღდგენა ზედმეტი ხარჯების გარეშე შეეძლებათ, ნათქვამია იუსტიციის სახლის ვებგვედზე გავრცელებულ განცხადებაში.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის შეძენა შესაძლებელია იუსტიციის სახლების ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
უწყების ცნობით, მოქალაქეები დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ:
დაიკარგა
დაზიანდა
მოიპარეს
დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:
პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა - 6 ლარი;
პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;
პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა - 16 ლარი.
დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.