მსოფლიო დღეს

ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა და ოფისში პირსაბანი ნიჟარით მივიდა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ილონ მასკი, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათის საღამოს 44 მილიარდ დოლარიანი გარიგება დახურა, სოციალური ქსელი Twitter-ის ერთადერთი მფლობელი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი, რაც მან გააკეთა სოცქსელის ხელმძღვანელის რანგში, ის იყო, რომ Twitter-ის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი გაათავისუფლა. გარდა ამისა, სამსახური დაატოვებინა განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც იურიდიულ პოლიტიკაზე, ნდობასა და უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს.
როგორც წყაროები აცხადებენ, კომპანიის ყოფილ ტოპ-მენეჯერები საჩქაროდ გაიყვანეს Twitter-ის შტაბ-ბინიდან.
ილონ მასკი კორპორაციული კრების გამართვას დღეს, 28 ოქტომბერს გეგმავს. ის უკვე ეწვია სათავო ოფისს და ვიზიტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ახლავს მასკის კომენტარი – Entering Twitter HQ – let that sink in! – ჩანს, რომ მილიარდერს ხელში პირსაბანის ნიჟარა უჭირავს და ასე შედის შტაბ-ბინაში.
მილიარდერის თქმით, ის სოციალური ქსელის „ყველაზე პატივსაცემ სარეკლამო პლატფორმად“ გადაქცევას გეგმავს.
2022 წლის მეორე კვარტალში რეკლამების გაყიდვამ Twitter-ზე შემოსავლების 90%-ზე მეტი შეადგინა.