საპატრიარქო მასმედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვებს აწესებს

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, საკუთრების უფლება საპატრიარქოს ანიჭებს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესები.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება – საკუთარ ტერიტორიაზე მასმედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვები და აკრედიტაცია შემოიღოს, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სასულიერო პირებს არაერთხელ გამოუხატავთ უკმაყოფილება ჟურნალისტების კითხვებისა და ტაძრების ტერიტორიაზე მათი ქცევის გამო.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მსგავსად, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებას გულისხმობს", – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესები.
საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით, მასმედიას წესების შესახებ წინასწარ აცნობებენ.