მსოფლიო დღეს

ბლინკენმა ბაიდენისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ აპირებს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ პუტინს „არანაირი დიპლომატია არ აინტერესებს უკრაინაში აგრესიის შესაწყვეტად“, ამასთან საჭიროა პირდაპირი დიალოგი რუსეთსა და უკრაინას შორის.

„სერიოზულ დიპლომატიას ადგილი რომ ჰქონოდა, ჩვენ ამ შანსს გამოვიყენებდით. მაგრამ ამას ვერ ვხედავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა გადაწყდეს. ასე რომ, თუ რუსეთს ნამდვილად სურს საუბარი და სერიოზულადაა განწყობილი, მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობასთან უნდა აწარმოოს“, — აღნიშნა ბლინკენმა.

G20-ის ლიდერთა სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. როგორც მანამდე ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, ვლადიმირ პუტინი სამიტში უშუალო მონაწილეობას გეგმავს. თუმცა კრემლში ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სამიტში მონაწილეობა ღონისძიების უსაფრთხოების ზომებზეა დამოკიდებული. თავად ვლადიმირ პუტინმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბალიზე გამგზავრებას გეგმავს.