საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა დაიწყო

ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკმა 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ ევროს ოდენობით თანადაფინანსება განახორციელა, იუწყება მსოფლიო ბანკის ქართული ოფისი.
თანადაფინანსების ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 25 ოქტომბერს პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროში ინვესტიციების განხორციელების გზით.

„საქართველოს მთავრობას ადამიანური კაპიტალის განვითარება თავის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიაჩნია და ადასტურებს ინვესტიციების საჭიროებას ამ მიმართულებით. მსოფლიო ბანკს დიდი გამოცდილება და პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა AFD-ს სურვილს, თავისი წვლილი შეიტანოს რეფორმის ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდას.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.
ეს არის უდიდესი მრავალსექტორალური ინვესტიცია, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა და ასევე პირველი პროექტი, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმით ახდენს ფოკუსირებას ადამიანური კაპიტალის განვითარების სამივე კრიტიკულ სფეროზე.
„განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ტრანსფორმაციული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობით ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გრძელვადიანი განვითარების დაჩქარებასა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის განმტკიცებაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების კუთხით, ისე მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.

პროგრამა ასევე გააფართოვებს ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებთან წვდომას ტელემედიცინის კონსულტაციების ხელშეწყობით და ფარმაცევტული მართვის გაძლიერებით მედიკამენტების ფასების შესამცირებლად, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილ ხარჯებში მნიშვნელოვან წილს შეადგენს.

სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად კი ადამიანური კაპიტალის პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვიანი შეჭირვებული ოჯახების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ საჭიროებებზე რეაგირებას დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოფლად.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.
AFD არის საფრანგეთის სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს პროექტებს და თანამშრომლობს ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).