„ეს დიდი შეცდომა იქნება“ - ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე

ასეთი კოალიცია მხოლოდ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აწყობს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ შექმნის იდეა უფრო ადრე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად ვაშაძემ დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება, კვლავ „ქართული ოცნების" თამაში ითამაშო, და თუ რამე გაერთიანება იქნება „ნაციონალური" და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, ეს „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შექმნის დღიდან „ოცნება“ „ლელოს“ „ნაცმოძრაობის“ სატელიტს უწოდებს. ჯაფარიძის აზრით, ეს მათ იმიტომ გააკეთეს, რომ მათ შორის ბევრი განსხვავებაა.
„ერთადერთი, რაც გვაერთიანებს, არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტია ვართ. დანარჩენი – ისტორიითაც, შეხედულებებითაც უამრავი განსხვავებაა. ასეთ განსხვავებულობას ნორმალური ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს, მაგრამ ისინი ცდილობენ ყველა ერთ ქვაბში ჩაყარონ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს