თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. 15 ივლისის შემდეგ უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა 1,8 მლნ ლარით, მათი დროებითი საცხოვრებელი – 200 ათასი ლარით, ხოლო სამედიცინო სერვისები 800 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკმაყოფილებულია უკრაინის მოქალაქე და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ყველა ის პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავრობის 15 ივლისის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და უწყებას დახმარების თხოვნით მიმართა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დახმარება ჯამში 2.064 ოჯახს (4.050 პირს) გაეწია.
გარდა ამისა, ექვსი თვით (2013 წლის 1 მაისამდე) გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა.
სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის პარალელურად დევნილთა სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ერთად უკრაინის მოქალაქეების დახმარების პროცესი კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსულ–უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ თბილისში ჩამოსულ უკრაინელთა თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება ეძლევა, აუცილებლობის შემთხვევაში კი ერთ ადამიანზე 45 ლარი გაიცემა.
რაც შეეხება უფასო მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი თბილისში, ძალაში რჩება უფასო მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების, ხელოვნებისა და სპორტული სკოლების მომსახურება.