საქართველოს სოფლის მეურნეობას სერიოზული რეფორმა სჭირდება - ექსპერტი
ქართულ პროდუქციას ყველა შანსი აქვს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტული გახდეს, მიიჩნევს ექსპერტი.
Sputnikთბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობა, დიდი პოტენციალის პირობებში, ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტჩანაცვლებაა. მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის განვითარება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, როგორც შედეგი, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება. მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობაში 2030 წლისთვის 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.
„ეს საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი დარგია. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური სექტორია, რომლის განვითარება შესაძლებელია, და რომელსაც ძალზე სერიოზული პოტენციალი აქვს... ამ მიმართულებით ძალიან ნელა მივიწევთ წინ“, – განაცხადა ცოფურაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ქართულ პროდუქციას ყველა შანსი აქვს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტული გახდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა დიდი სამუშაოს ჩატარება და სისტემული საორგანიზაციო, სტრუქტურული, ტექნოლოგიური მომენტების გათვალისწინება.
ცოფურაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე ნელა ვითარდება სასურსათო უსაფრთხოების პროცესი. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს საქართველოში ბაზრის 80% იმპორტირებული პროდუქცია იყო, ხოლო 20% – ადგილობრივი. ესაა პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასურსათო უსაფრთხოებას: ხორბალი, ქერი, სიმინდი, რძე და რძის პროდუქტები, შაქარი, ცხიმები. ახლა შეფარდება დაახლოებით 70/30-ია.
„გაუმჯობესება არის, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა მან.
ექსპერტმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც ის სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების პირველ სახელმწიფო სტრატეგიას ხელმძღვანელობდა 2015–2020 წლებში. მისი თქმით, ამ სტრატეგიაში შვიდი ძირითადი მიმართულებაა, რომელთა შორის, როგორც მნიშვნელოვანი, სასურსათო უსაფრთხოება გამოიყო.
„თუ მთელ სურათს ავიღებთ, ვნახავთ, რომ დასახული მიზნები 10–20%-ით შესრულდა. რომ შევაჯამოთ, პროცესი ძალიან ნელი ტემპებით მიდის“, – განაცხადა ცოფურაშვილმა.
ექსპერტმა საქართველოსთვის დიდ პრობლემად დაასახელა პროდუქციის მიკვლევადობა და სერტიფიცირება. ეს საქართველოსთვის აუცილებელია ევროკავშირის წინაშე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ასევე ქართული პროდუქციის დოკუმენტაციას წარმოების ადგილის, შენახვის შესახებ და ა.შ. გასული წლიდან რუსეთიც მოითხოვს.
„ანუ ეს მიკვლევადობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამის დაყოვნება არ შეიძლება“, – აღნიშნა მან.
ბაზრების იმპორტჩანაცვლება და დივერსიფიკაცია
ცოფურაშვილის თქმით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა, რომ ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე გატანის საქმე წინ წაწიოს, რუსეთი და რეგიონის ქვეყნები ამ პროდუქციის იმპორტის მხრივ ლიდერები რჩებიან.
„მაინც უკვე რამდენი წელია, ამ ღვინის ნახევარს რუსეთში ვყიდით, და მთელი რეგიონი რომ ავიღოთ, სადღაც 70%-ს მეზობელ ქვეყნებში ვყიდით. ამ კუთხით რუსეთი ქართული ღვინის სტრატეგიული შემსყიდველია, ასევე სხვა პროდუქციის“, – განაცხადა მან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გაიტანა, რაც 16%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს მაჩვენებლები რეკორდულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორებს შორის რუსეთი პირველ ადგილზე იყო, სადაც ექსპორტირებული იყო 62 მილიონზე მეტი ბოთლი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 57%.
„როგორც არ უნდა თქვა, ქართული პროდუქცია ბევრად საინტერესოა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის“, – განაცხადა ცოფურაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ პროდუქციას, იმ მიკროზონების წყალობით, სადაც ის იწარმოება, გემოს განსაკუთრებული თვისებები აქვს.
„მიკროზონური უპირატესობა ძალზე მნიშვნელოვანია. ევროპაში ყველაფერი აქვთ, ამიტომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ევროპაში ძალიან რთულად მიდის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მიკროზონის ჩვენი შესაძლებლობები, პირველ რიგში, ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის. სადაც კონკრეტულად ეს პროდუქცია არ არის", – განაცხადა ექსპერტმა.
გარდა ამისა, ცოფურაშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ ხერხდება რიგი პროდუქტებისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია. კერძოდ, რუსეთი უკვე მრავალი წელია, ხორბლისა და ფქვილის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში.
ექსპერტის ინფორმაციით, რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში ხორბლის წარმოებით, მაგრამ ექსპორტით – პირველზე. ჩინეთი და ინდოეთი წარმოების მოცულობით რუსეთს უსწრებენ, მაგრამ მათ, ადგილობრივი მოთხოვნიდან გამომდინარე, თვითონ უწევთ ყიდვა.
ფასითა და ხარისხით რუსული ხორბალი საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.
„ამის ალტერნატივაა ევროპული ხორბალი. შეიძლება კანადასა და აშშ-ში ყიდვა, მაგრამ ლოგისტიკის მიხედვით, გვესმის, რა ფასი იქნება", – განაცხადა ცოფურაშვილმა.
ბუნებრივ გამოსავლად მას ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდა მიაჩნია, რომელსაც ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც მეღვინეობას.
ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სერიოზული რეფორმა სჭირდება, პირველ რიგში იმისთვის, რომ სტრუქტურულად ორგანიზებული იყოს დიდი და მცირე საწარმოები, რათა სოფლის მცხოვრებლებს მშობლიური მხარის დატოვების მიზეზები არ ჰქონდეთ.
„როგორც ევროპულ ქვეყნებში – კოოპერაციები, რაღაც კლასტერული ორგანიზაციები. ამ ჯაჭვის გარეშე არ გამოდის. თუ ფერმერული მეურნეობა ბიზნესი არ გახდება, ყოველთვის რთული იქნება. სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია", – განაცხადა მან.
დიდი პრობლემაა საქართველოში ასევე სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის სირთულე, სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობა, ასევე მიწის პარცელაცია, მიიჩნევს ექსპერტი.
მისი თქმით, მოსახლეობას სოფელში დაბრუნება რომ მოუნდეს, მათთვის მატერიალური ბაზის გამყარებაა საჭირო. სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რა ფორმით, რა მიმართულებით განვითარდეს რეგიონი.
სოფლის განვითარების პროგრამები უნდა მომზადდეს არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების მიერაც, რომლებმაც იციან ვითარება შიგნით, რეგიონში, მიიჩნევს ექსპერტი.