მზის ჩასვენების მსგავსი სიკვდილი, ანუ ამბავი ყველისციხის გმირისა

Sputnik
იურჩი საქართველოს დასასჯელად და შესუსტებული ბატონობის აღსაღდგენად ხალიფამ 914 წელს სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველი აბუ ლ-კასიმ ბენ აბუსაიჯი გამოგზავნა ურიცხვი ლაშქრით.

„სარკინოზებმა მოსრეს სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი და მერე საქართველოსკენ დაიძრა „სპითა დიდითა და ურიცხვთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“.

ჯერ ტფილისს მოვიდა აბუ ლ-კასიმი, სადაც დიდებული დახვედრა მოუწყო თბილისის ამირა ჯაფარ ბენ ალიმ, მერე კი კახეთს შეესია. უჯარმისა და ბოჭორმის დაკარგვის შემდეგ კახეთის ხელისუფალმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა მტერს დაზავება შესთავაზა.
გამარჯვებით გათამამებულმა არაბთა სარდალმა ცეცხლითა და მახვილით გაიარა ქართლი და სამცხეში გადავიდა. პირველად თმოგვის ციხეზე მიიტანა იერიში, მაგრამ ვერაფერი დააკლო ცად აზიდულ ციხეს. გაცოფდა წარმატებებისგან თავბრუდახვეული აბუ ლ-კასიმი, ლაშქარი ჯავახეთის დასარბევად მიუშვა, შემდეგ კი ყველისციხეს შემოარტყა ალყა.
ურიცხვი თეთრი არაბული კარვით დაიფარა ყველისციხის შემოგარენი. საიერიშო მანქანებიდან ლოდები დაუშინეს ციხეს, მზეს აბნელებდა სარკინოზთა ისრების წვიმა.
იმჟამად ყველისციხის პატრონი გურგენ ერისთავთ-ერისთავი გახლდათ. ციხე მკვიდრად იყო ნაგები და გამაგრებული, მაგრამ მხოლოდ ორასი მეომარი იცავდა, რომლებსაც ახალგაზრდა და ენეგიული სარდალი გობრონი ხელმძღვანელობდა.
28 დღე იგერიებდნენ სარკინოზების შემოტევებს ყველისციხის დამცველები, რომელთა „ძალი ბრძოლისა მისისაი ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“. დროდადრო ციხის გარეთ გამოიჭრებოდნენ, მტერს თავს რისხვას დაატეხდნენ და ისევ ციხის შიგნით უჩინარდებოდნენ.
და ასე გაგრძელდა თითქმის ერთ თვეს. მაგრამ ვეღარ გაუძლო ციხის კედლებმა განუწყვეტელ იერიშს და ერთ დღესაც არაბებმა „განხურიტნეს კლდე და განარღვიეს ზღუდე“ მისი. მომხდურს გობრონი შეეგება ერთი მუჭა მცველებით. ფიცხელ ბრძოლაში ქართველებმა უკუაქციეს მტერი და განდევნეს ციხის გარეთ. არაბთა გვამებით გაივსო ციხე.
მაგრამ არა და არ წყვეტდნენ არაბები იერიშებს. ყოველდღე ახალ-ახალი შეტევა მიჰქონდათ ყველისციხეზე. დიდი იყო მათში მსხვერპლი, მაგრამ მაინც არ ეშვებოდნენ ციხეში შეჭრის ცდას. ბოლოს, 914 წლის 17 ნოემბერს არაბებმა ციხე მაინც აიღეს და 133 დაჭრილ-დასახიჩრებული ქართველი მეომარი შეიპყრეს.
ტაო-კლარჯეთის მეფე ადარნასე კურაპალატმა დიდძალი თანხა შეაძლია აბუ ლ-კასიმს ტყვეთა გასათავისუფლებლად და დაიხსნა კიდეც მათი ნაწილი. მაგრამ არა ყველისციხის დამცველები. არაბთა გამძვინვარებულ სარდალს მათთან სასტიკად ანგარიშის გასწორება ჰქონდა გულში ამოჭრილი.
აბუ ლ-კასიმის ბრძანებით დატყვევებულთა რიგებიდან გამოიყვანეს გობრონი, ციხის დანარჩენი მცველები კი ჩაამწკრივეს და დათქმულ ნიშანზე მახვილებით აჩეხეს ქართველი მეომრები.

„ვითარცა მხეცნი ბოროტნი განძვინებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახვლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღვძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.

მერმე გობრონს შეუჩნდა არაბთა სარდალი, მენანებაო შენნაირი მამაცი მხედარი მოსაკლავად, ქრისტიანობა უარყავი, ისლამი მიიღე, სარდლადაც დაგნიშნავ და ოქროს, სასახლეებსა და მონებს არ მოგაკლებო. მაგრამ ვერ მოხიბლა გობრონი სარკინოზმა, მტკიცე უარი მიიღო მისგან: მე ქართველად და ქრისტიანად დავიბადე, ამიტომ ვერც შენი უხვი დაპირებითა და ვერც წამებით ვერ მაიძულებ ვუღალატო ჩემს სამშობლოს და სარწმუნოებასო.
გაიყვანეს გობრონი დასასჯელად, შესაშინებლად ორჯერ მსუბუქად ჰკრეს მახვილი. სისხლმა ითქრიალა მეომრის კისრიდან. ისევ აბუ ლ-კასიმს მიჰგვარეს მერე. რა გადაწყვიტეო ჰკითხა სარკინოზმა. მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანადვე დავრჩები აწ და მარადისო, მიუგო ქართველმა.
მერმე ხელი მოისვა ჭრილობაზე, საკუთარი სისხლით შეიღება თითები და ჯვარი გამოისახა შუბლზე...
სარკინოზთა სარდლის ბრძანებით ჯერ თავი მოკვეთეს გობრონს, მერე კი ღრმა თხრილში მოისროლეს, რომელიც უკვე პირთამდე იყო სავსე გმირ მეომართა ცხედრებით...