თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ უკმაყოფილება გამოთქვა ვანდალიზმის შემთხვევების გამო, რაც დედაქალაქის პარკებსა და სკვერებში პერიოდულად ხდება.
მერის თქმით, ვანდალიზმი ძალზე მტკივნეული საკითხია ქალაქისთვის და, სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ადამიანები მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას.
„ბოლო დღეების განმავლობაში სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება – ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების მოქმედება საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს.
„მინდა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო – რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამით საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს“, – აღნიშნა მერმა.
მერმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ ვანდალიზმის შემთხვევების დროს ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის სამსახურებს.
„ნუ აუვლით გულგრილად გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ (ინფორმაცია) ყოველი ასეთი შემთხვევის შესახებ მერიის ცხელ ხაზზე ან მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდების მეშვეობით“, – განაცხადა კალაძემ.
მან გამგეობებს დაავალა, გაასმაგებული ყურადღებით განაგრძონ მონიტორინგი და დაზიანებული ინვენტარის აღდგენა.