რუსთავში ავტომობილი აფეთქდა: დაშავებულია ორი ადამიანი

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია.
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი ავტომობილში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტს გარეგნულად სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.