თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მომხდარ გაუგებრობას.
გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არ იყო ინფორმირებული მეზობელი ქვეყნის მეთაურის ვიზიტის თაობაზე.
„სხვადასხვა პოლუსები“
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი ზურაბიშვილი სრულიად განსხვავებულ პოლუსებზე იმყოფებიან, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ხატია დეკანოიძეს.
„ეს ფაქტი მთლიანობაში კონსტიტუციის დარღვევაა, რადგანაც პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გამოთქვა მოსაზრებები, რაც განსხვავდებოდა (ხელისუფლების შეხედულებებისგან)“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მომხდარის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
„ზოგჯერ ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს ამაზე უარესი, მაგრამ უარესი არ მთავრდება... სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რა ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა, – განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში. – ასეთი ინციდენტის შემდეგ როგორ შეიძლება პრემიერი ისევ პრემიერი იყოს, პრეზიდენტმა კი გააგრძელოს პრეზიდენტობა?!“
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილის სურვილზე, უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
„მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ხვალ წადით პრემიერ-მინისტრთან და ჰკითხეთ: ირაკლი, ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ ბავშვებს ეთამაშები კუკუდამალობანას?“ – დაამატა უსუფაშვილმა.
უპატივცემულობის დემონსტრაცია?
ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, პარლამენტის დეპუტატ ანა ბუჩუკურს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობას.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის დაემალათ პრეზიდენტის (აზერბაიჯანის) ვიზიტი, ეს მხოლოდ დაადასტურა“, – განაცხადა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან.
საკუთარი გაკვირვება არ დაუმალავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს.
„ამის თაობაზე მეც გუშინ გავიგე. ძალზე უცნაური ისტორიაა. ჩემი ვერსიაა, რომ საკომუნიკაციო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი... სიმართლე გითხრათ, მეც გამიკვირდა. არ ვიცი რა პროცესები იყო. მინდა მჯეროდეს, რომ ეს იყო გაუგებრობა“, – განაცხადა სერგეენკომ.
ყველაფერი კანონის მიხედვით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის თქმით, საქართველოში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მთავრობაა, შესაბამისად, კონსტიტუციის არანაირი დარღვევა არ ყოფილა.
„ბუნებაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. შესაბამისად, არაფერი დარღვეულა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სინანული და გარკვეული ინსინუაციები ამასთან დაკავშირებით უადგილოა“, – განაცხადა დეპუტატმა.
დღის წესრიგში არ ყოფილა საკითხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელი იყო პრეზიდენტთან, აღნიშნა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.
„მე არ შემიძლია თქმა, თუ რატომ არ იყო იგი (ზურაბიშვილი) ინფორმირებული. თუმცა, ეს იყო ვიზიტი პრემიერ-მინისტრის მოწვევით და მიიღო პრემიერმა. და იქ, სადაც არ არის ნებისმიერი თანამდებობის პირის ადგილი, მათ შორის პრეზიდენტის ადგილი და როლი, ჩვენ არ უნდა ვეძებოთ რაიმე ქვეტექსტი, თითქოს ვინმე არ იყო ინფორმირებული. ეს სწორია როგორც პროტოკოლურად, ისე პოლიტიკურად“, – განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას.
გარდა ამისა, ალიევმა მზადყოფნა გამოთქვა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი ფორმატის ამოქმედების თაობაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველო უკვე დატოვა. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცილა.