ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორების მისაღებად მზადაა

ვიზიტორებისთვის ღამის გათენება ახლადმოწყობილ თავშესაფარში იქნება შესაძლებელი, სადაც მასპინძლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და მწყემსები გაუწევენ.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რკინის ჯვრის 40-კილომეტრიანი ბილიკი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რკინის ჯვრის ბილიკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით განახლდა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ბილიკზე მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, განთავსდა ნიშნულები, ხოლო მწყემსების ბინებთან ტურისტებისთვის ორი თავშესაფარი მოეწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რკინის ჯვრის მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია და ის მრავალ ტურისტს იზიდავს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
განახლებული მარშრუტის მეშვეობით ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ უფრო მარტივად იმოგზაურონ წრიულ ბილიკზე და აღმოაჩინონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უნიკალური ბუნება.

„აღსანიშნავია, რომ ღამისთევა შესაძლებელია ახლადმოწყობილ თავშესაფარში, სადაც ვიზიტორებს მასპინძლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და მწყემსები გაუწევენ. ახალ მარშრუტზე მოგზაურობისას, ბუნების ულამაზესი ხედების მონახულების გარდა, ვიზიტორს საშუალება ექნება გაეცნოს ადგილობრივ ტრადიციებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. ის ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება. მისი ფართობი დაახლოებით 105 ათასი ჰექტარია და ის მოიცავს ექვს მუნიციპალიტეტს – ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, აბასთუმანი და ბაღდათი.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
პარკი 1995 წელს დაარსდა და საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად ითვლება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
პარკი უზრუნველყოფილია აუცილებელი ინფრასტრუქტურით – მოწყობილია ტურისტული ბილიკები, გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე და საკემპინგე ადგილები. პარკში როგორც საშუალო, ისე რთული 11 ტურისტული მარშრუტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს