თბილისის ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა გაიმართება

ორგანიზატორები სტუმრებს პირდებიან ზღვა ყვავილებს, მუსიკას, გლინტვეინს და კარგ განწყობას
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. 5 და 6 ნოემბერს ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემებისა და გეორგინების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ყვავილებთან ერთად ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები დახვდება, ბავშვებს თემატური მასტერკლასები ჩაუტარდებათ. ორგანიზატორები სტუმრებს პირდებიან სასიამოვნო მუსიკას, ნაკვერჩხალზე მოხალულ წაბლსა და ცხელ გლინტვეინს.
გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, უნდა მიმართონ ორგანიზატორებს 25 ოქტომბრის ჩათვლით. ღონისძიებები 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.