სეზონის დახურვა: თბილისში გაიმართება გარბენი Hills Trail Race

გარბენზე Tbilisi Hills Trail Race სამი დისტანცია იქნება
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ეპატიჟებიან გარბენზე Tbilisi Hills Trail Race, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება.
ლისის სამთო გარბენის (Lisi Trail Festival), თბილისის სათავგადასავლო გარბენისა (Tbilisi Adventure Run) და ყაზბეგის მარათონის შემდეგ (Kazbegi Marathon TRAILLAB) ორგანიზატორები „თბილისი ჰილს სამთო გარბენს“ აანონსებენ. Tbilisi Hills Trail Race - 2022 წლის გარბენების სეზონის დახურვაა.
გარბენზე არის სამი დისტანცია:
18 კილომეტრი 750 მეტრი ვერტიკალური დისტანციით;
14 კილომეტრი 550 მეტრი ვერტიკალური დისტანციით;
9 კილომეტრიანი Fun Run 300 მეტრი ვერტიკალური დისტანციით.
„გარბენის ბილიკის სხვადასხვა მონაკვეთიდან იშლება თბილისის, კოჯრის ტყის, კუმისის ტბის და შავნაბადას მონასტერის ულამაზესი ხედები. კარგი ამინდის შემთხვევაში მყინვარწვერსაც დავინახავთ საინტერესო პერსპექტივით“, - ამბობენ ორგანიზატორები და აღნიშნავენ, რომ მარშრუტი გაივლის ბილიკით, რომელიც ჩაფლულია ლამაზ ტყეში, ბუჩქებში და გამოირჩევა ლამაზად მოყვავილე ეკლიანი კაქტუსების სიმრავლით.
გარბენის ორგანიზატორია გოლფ-კლუბი Tbilisi Hills Golf & Residences.