თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე რაიონებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლარიზაციის შემცირება ევროკომისიის 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ, მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის. პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოვიყენოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, სწორედ საზოგადოებას შეუძლია ევროკომისიის პირველი პირობის შესრულების შედეგის დადება.
„ეს ქვეყნის განვითარებისათვის არსებითი, აუცილებელი მიმართულება და თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.