ვაკის პარკის ტრაგედია: მოსამართლემ ყველა დაკავებული პატიმრობაში დატოვა

სასამართლო პროცესზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა.
საქართველოს შსს-მ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავა. უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა დაიღუპა. ინციდენტის გამო ოპოზიცია მოითხოვს, რომ თბილისი მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა, ხოლო 13 წლის მოზარდის დაღუპვაში ბრალდებულების არგუმენტებიდან არცერთი არ მიიღო. მათ შორის არც ის, რომ საპატიმროს გარეთ ყოფნის შემთხვევაში ისინი გამოძიებას ხელს არ შეუშლიან, არ მიიმალებიან და მტკიცებულებებს არ გაანადგურებენ.
შესაბამისად, მოსამართლემ, ბრალდების მხარის არგუმენტების საფუძველზე, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა.
როგორც დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, ისინი სააპელაციო სარჩელს ამზადებენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას მეორე ინსტანციაში შეეცდებიან.
მანამდე, 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა დააზიანა ელექტროსადენის იზოლაცია, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია.
მთავარ კითხვაზე – რატომ არ ჩაირთო გაჟონვის რელე, რომელსაც წყლით სავსე აუზში ელექტროენერგია უნდა გაეთიშა, პასუხს უახლოეს მომავალში სამხარაულის ეროვნული ბიურო გასცემს.