თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორი დაკავებულის მიმართ არასრულწლოვნების მიმართ ქუთაისში ჩადენილი დანაშაულებისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობა გამოიყენა.
ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი ედება იძულებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით. გამოძიების ვერსიით, მან 11 ოქტომბერს არასრულწლოვან გოგონას თავისი ავტომობილით წაყვანა შესთავაზა.
გოგონა ჩაჯდა მანქანაში, მამაკაცმა კი მოულოდნელად გზიდან გადაუხვია და გოგონასთან გადაჯდომას შეეცადა. ამ დროს მოზარდს დამ დაურეკა. ბრალდებულმა მას მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. ამ მომენტში გოგონამ გაქცევა შეძლო.
მეორე ბრალდებულს ბრალად ედება გარყვნილი ქმედება ერთდროულად ორ არასრულწლოვანთან. საქმის სხვა დეტალებს პროკურატურა არ ამჟღავნებს, რადგან სექსუალური დანაშაულების ყველა შემთხვევა ჩადენილია არასრუწლოვნების მიმართ.