თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მოდელთან, „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფლობელ ირინა ონაშვილთან ერთად საერთაშორისო შეჯიბრება FIA Motorsport Games-ზე წარდგება, რომელიც მარსელში 26-30 ოქტომბერს გაიმართება.
FIA Motorsport Games მულტისპორტული შეჯიბრებაა ავტოსპორტში, რომელსაც ქვეყნები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებენ. პირველი ღონისძიება 2019 წელს იტალიაში ჩატარდა.
საქართველოს ნაკრები 147 ქვეყანას შორის FIA Motorsport Games-ზე წარმოდგენილია შვიდ დისციპლინაში: Formula 4; Drift; Karting sprint; Karting Endurance; Karting Slalom; Auto Slalom; Auto Slalom. შეჯიბრებები ლეგენდარულ ავტოდრომზე Circuit Paul Ricard F1 ჩატარდება.
მელაძე და ონაშვილი წარდგენილი არიან ავტოსლალომის კატეგორიაში. ესაა რბოლა, სადაც მძღოლმა გარკვეულ ტერიტორიაზე მონიშნული რთული მონაკვეთი უნდა გაიაროს მაქსიმალურად სწრაფად.
მელაძემ თავის გვერდზე სოციალურ ქსელში დაწერა, თუ რატომ აირჩია მეწყვილედ სწორედ ირინა ონაშვილი.
„ძალიან, ძალიან ბევრი სვამს კითხვას, რატომ შევარჩიეთ ირინა ონაშვილი ჩემს მეწყვილედ მსოფლიოს უძლიერეს მრბოლელებთან საბრძოლველად? პასუხს მარტივად გაგცემთ: ნუ მოგატყუებთ მისი გარეგნობა, გამოდით რომელიმე შეჯიბრზე და სცადეთ მისი დამარცხება“, – დაწერა მელაძემ.
მევლუდ მელაძემ მრბოლელის კარიერა 2001 წელს დაიწყო ჯერ როგორც მოყვარულმა, შემდეგ უკვე როგორც პროფესიონალმა. პირველი გამარჯვება მან 2022 წელს „ტურინგ-ლაითის“ კლასში მიიღო.
მელაძე მანამდე ჭიდაობით იყო გატაცებული და წარმატებებს მიაღწია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პროფესიონალ მოჭიდავეებთან ერთად ის 1983 წელს გამოვიდა. სხვა წარმატებებთან ერთად არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.