სოსო გოგაშვილის სახლში სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონების შეფასებას ახორციელებენ.
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სადაც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გოგაშვილის ქონებას ყადაღა სექტემბრის ბოლოს დაედო.
სასაქონლო ექსპერტიზა ქონების დაყადაღებისთანავე დაინიშნა, თუმცა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა ექსპერტებს მისი ჩატარების საშუალება არ მისცეს. ახლა ექსპერტიზა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება.
სააგენტომ დააყადაღა გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის ქონება.

ამ ეტაპზე დაყადაღებულია თბილისში, კახეთში, ხონში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე 34 მიწის ნაკვეთი – საერთო ფართობი 443,9 ჰექტარი, ასევე ოთხი ბინა და სიღნაღში მდებარე სასტუმრო. გარდა ამისა, დაყადაღებულია 13 ავტომანქანა, სამი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სამი ერთეული მოტოტექნიკა და 15 ცეცხლსასროლი იარაღი.

გოგაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა 2015-2018 წლებში.
ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გოგაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
გოგაშვილი დაკავების შემდეგ პერიოდულად განცხადებებს ავრცელებს. მისი ბოლო განცხადებები ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის კავშირს რუსეთის „ეფესბესთან“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას.