თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურები თანამშრომლობენ ადამიანთან, რომელიც საქართველოში ბრალდებული და გასამართლებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ასე გამოეხმაურა წულუკიანი უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი დაესწრო. შეხვედრის ფოტო კოსტინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„ზურაბ ადეიშვილი ბრალდებული და მსჯავრდებულია არაერთ საქმეზე. ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას. დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და შემდეგ ციხეში მოხვედრა“, – განახადა წულუკიანმა.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 5 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.