საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გუნდური ადგილი დაიკავა

21 ოქტომბრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, იუწყება ჭიდაობის ფედერაცია.
ტურნირის ბოლო დღეს დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩხიკვაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კოლუმბიელი ხულიან ასევედო ანგარიშით 3:1 დაამარცხა, გურულმა კი თურქ ალი ჰანჩს მარტივად სძლია – 9:0.
ორი მედალი მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა მეორე საშეჯიბრო დღეს მოიპოვეს – ვერცხლი გიორგი შოთაძემ (63 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი თოხაძემ (55 კგ) აიღო.
ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.