ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებში VIP-მომსახურებას კრძალავს

მინისტრის თქმით, საქართველოს სამედიცინო სექტორი სრულ მზადყოფნაშია კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასასვლელად.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში VIP-მომსახურების ფაქტების მკაცრად გაკონტროლებას აპირებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და დასძინა, რომ ყველა საავადმყოფოში ტარიფები ერთნაირი იქნება.
საქართველოში სახელმწიფოს მიერ საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. DRG–სისტემება 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. ახალი სისტემა 3 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს პროცესი ქვეყნის კლინიკების ასოციაციის თხოვნით გადაიდო.

„მკაცრად გაკონტროლდება არსებული პრაქტიკა, როცა კლინიკები VIP-მომსახურების, VIP-ექიმის და მსგავსი სერვისებისთვის პაციენტებისგან დამატებით თანხებს მოითხოვენ. პირველი გაფრთხილების შემდეგ კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მოიხსნება“, – განაცხადა აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აზარაშვილის თქმით, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე საქართველოს სამედიცინო სექტორი სრულ მზადყოფნაშია საავადმყოფოების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასასვლელად.
„ჩვენ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ პაციენტების თანაგადახდებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად, ისინი მხოლოდ 0%-დან 30%-მდე უნდა იყოს “, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 900 მილიონ ლარს ხარჯავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. მინისტრის თქმით, ეს საკმაოდ დიდი დაფინანსებაა, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს.
„როდესაც ფინანსურ ნაწილს და მომსახურების ხარისხს მოვაწესრიგებთ, ჩვენ გავზრდით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობას. მათ უნდა იცოდნენ, რომ კლინიკაში მისვლისას მიიღებენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება.
დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.

როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული სამედიცინო მომსახურება ცალკე დაფინანსდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, ეს მეთოდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, საქართველოში კი ის ამ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე იქნება შემოღებული. მისი თქმით, ეს არის „სამართლიანი გადახდის სისტემა“.