თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
უწყების ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს „გრინსერვისი+“-ის ქვეკონრაქტორი ფირმა „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს, „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს „მშენექსპერტის“ დირექტორსა და ექსპერტს.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. თითქმის ერთი წლის შემდეგ, 26 აგვისტოს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.
ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვის+“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.
მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ აცნობა კომპანიის დირექტორს, რომელმაც, თავის მხრივ, მას დაავალა, აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის.
„ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა სამუშაოს შესასრულებლად ორი კერძო ელექტროშემდუღებელი დაიქირავა. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა კომპანია „გრინსერვის+“-ის საქმისმწარმოებელს.
გამოძიება ამბობს, რომ ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მათ წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
„გრინსერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე", – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა არ შეამოწმა მის მიერ დაქირავებული მუშების მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო „გრინსერვის+“-ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
„აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი", – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); „გრინსერვისი+“-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), „გრინსერვისი+“-ის საქმისმწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანია „გრინსერვის+“-მა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „მშენექსპერტთან“.
კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს „გრინსერვის+“-ის თანამშრომელს.
გამოძიების ვერსიით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიასა და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა ამ სახით შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
2022 წლის 25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის+“-ის დირექტორმა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.
აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება „გრინსერვისი+“-ის დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), „მშენექსპერტის“ დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება.
წყარო - გენერალური პროკურატურა