თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა, პოლიციამ ცხრა პირი გუშინ დააკავა. იმ დღეს შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
„დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ საჭიროდ ვთვლი, დავტოვო დაკავებული თანამდებობა“, – განაცხადა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან მზადყოფნა გამოთქვა კვლავ გააგრძელოს თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოებთან.
„ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს რა მოხდა რეალურად ტრაგედიის დღეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა გიგაშვილმა.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ამ ეტაპზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა, რომლებიც შადრევანში წყლის მილების დიზაინს ცვლიდნენ, წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
არც კომპანიამ, რომელმაც მუშები დაიქირავა, არც კომპანიამ, რომელიც პარკში შადრევნების განახლებას ახორციელებდა, არც მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა არ შეამოწმეს შემდუღებლების მიერ შესრულებული სამუშაო, რის გამოც ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩართული შადრევნის წყალს შეეხებოდა, დენი დაარტყამდა.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ინსპექტორებმა ისე წარუდგინეს მერიას დადებითი დასკვნა, რომ სინამდვილეში არ შეუსწავლიათ შადრევნების გასაახლებლად ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. ანუ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა ყალბი საექსპერტო დასკვნა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.