კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული, რომელთა შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პირადად აგოს პასუხი ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ გამოიკვეთება მისი თუნდაც მცირედი ბრალეულობა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.

„მე პირადადაც მზად ვარ, თუ ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, რომელთანაც მთელი უწყება თანამშრომლობს.
„დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, – თქვა კალაძემ.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გუშინ დააკავეს ცხრა პირი: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, ამავე კომპანიის საქმისმწარმოებელი და თანამშრომელი, ასევე კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.
ტრაგედია ვაკის პარკში - ბრალდებულთა წრე შეიძლება გაიზარდოს>>
ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა 100-ზე მეტი ადამიანი. გარდა კომპანია „გრინ სერვისის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისა, რომელმაც ჩაუტარა შადრევანს რემონტი ვაკის პარკში, ასევე გამოიკითხნენ თბილისის მერიის თანამშრომლები, იმ სკოლის პედაგოგები და მანდატურები, სადაც სწავლობდა გარდაცვლილი მოზარდი, მისი თანაკლასელები და მომხდარის მოწმეები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.