„აბსოლუტური უტოპია“ - პარლამენტის თავმჯდომარე გენპროკურორის არჩევის ახალ წესზე

ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი „კარგი" რომ იყოს, ამას ევროპას ვერავინ დაასწრებდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.

„ხშირად წამოიწევა საკითხი, რომ თანამდებობაზე ვიღაცის არჩევა მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობით და ა.შ. კვალიფიციური უმრავლესობა, როგორც გარკვეული პანაცეა, პარლამენტის კონსენსუსზე ორიენტირებული, სინამდვილეში არის ტყუილი. ეს არის აბსოლუტური უტოპია, რაც ევროპული გამოცდილებითაც მტკიცდება“, – განაცხადა პაპაუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას შევხედავთ, მხოლოდ ორი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი რომელიღაც თანამდებობის პირს კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევს.
ერთია ბელგია, სადაც ამ წესს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევისას იყენებენ და მეორეა უნგრეთი, სადაც მოქმედებს გენპროკურორის არჩევის წესი, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, გაკრიტიკებულია თავად ვენეციის კომისიის მიერ, ვინაიდან ეს უმცირესობას აძლევს შესაძლებლობას, დაბლოკოს უმრავლესობის გადაწყვეტილება.
„ეს რომ კარგი წესი იყოს, რა თქმა უნდა, ევროპას ვერავინ დაასწრებდა, მით უმეტეს, ევროპა ზოგადად ორიენტირებულია კონსენსუსზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სინამდვილეში პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით მიიღწევა არა კონსენსუსი, არამედ ესარის ინსტრუმენტი – რომ უმცირესობამ უმრავლესობა აიძულოს, მის გადაწყვეტილებას დაეთანხმოს.

„ფაქტობრივად, ეს არის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტი, რათა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაიმარჯვონ არჩევნებში და ხელში არ აიღონ ძალაუფლების ბერკეტები. გარკვეულწილად მათ შეუძლიათ აიძულონ უმრავლესობა, რომ დაეთანხმონ მათ კანდიდატებს“, – განაცხადა სპიკერმა.

როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატია ასე არ მუშაობს. „ეს არის მცდელობა, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა რაღაც მექანიზმებით მოხდეს უმცირესობისთვის ძალაუფლების ბერკეტების მიცემა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს გამოცდილება თავად ამბობს, რომ ეს სისტემა არ მუშაობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, ხელისუფლებას ამის შესრულება უწევს.
„საქართველოს პოლიტიკურ ძალებში და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებში მე პირადად ვერავინ ვნახე, ვინც იტყოდა: „ეს ჩვენი ინიციატივა იყო და ეს მოთხოვნა ჩვენ დავაყენეთ“. ამიტომაც მთელი ეს დისკუსია, რასაც პარლამენტში ვაკვირდებით, აბსურდულია. სინამდვილეში ამ პუნქტს მხარს არავინ უჭერს, მაგრამ ყველა ვასრულებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეისათვის საქართველოში გენერალურ პროკურორს უბრალო უმრავლესობით ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
პირველი მოსმენისას პროექტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პროექტს იურიდიულ ნონსენსად თვლიან, ასევე დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან – „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“.
გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, სასამართლო რეფორმასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება – ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნების ნაწილია. ხელისუფლების განცხადებით, ყველა პირობა წლის ბოლომდე შესრულდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს