უფრთხილდით თაღლითებს! საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო განცხადება

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ურჩევს, მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობის შესახებ, ასევე შეამოწმონ შემოთავაზებული ლატარიის ნამდვილობა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები იმ ერთ-ერთი თაღლითობის შესახებ გააფრთხილა, რომლის მსხვერპლი ონლაინ თამაშების მონაწილეები ხდებიან. ამის თაობაზე მარეგულირებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შეტანის სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.

„რამდენიმე შემთხვევაში გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ-სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას.
„გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მარეგულირებელი ურჩევს მოქალაქეებს, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.
გარდა ამისა, მარეგულირებელი მოუწოდებს მოქალაქეებს, შემოწმების გარეშე არ გადასცენ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება, ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმონ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებენ, შეაფასონ ვებ-გვერდის კონტენტი, ვინაიდან, ეროვნული ბანკის ცნობით, ყალბი ვებ-გვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებ-გვერდის მსგავსი იყოს.
საერთოდ კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს.
მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება www.WHO.is გვერდზე შეუძლია.
ეროვნულ ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ გადახდის სანდო წყარო – ნამდვილი ან ოფიციალური ვებ-გვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით.
წყარო - ეროვნული ბანკი