ტრაგედია ვაკის პარკში: რატომ აღმოჩნდა შადრევანში მაღალი ძაბვის კაბელი

თბილისის მერია აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერიას არ შეუცვლია კომპანია „ელ-ემ-სის“ პროექტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მაღალი ძაბვის ტუმბო შადრევნის შიგნით უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული, ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის განცხადებაში.
კომპანია „ელ-ემ-სის“ შადრევნების დამპროექტებელმა შალვა ქურიძემ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონას გარდაცვალებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ განაცხადა, რომ მერიამ შეცვალა პროექტი, რომლის მიხედვითაც მაღალი ძაბვის ტუმბო უნდა ყოფილიყო განთავსებული შადრევნის გვერდით ჭაში და არა მის შიგნით.

„შპს „ელ-ემ-სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: „ჰორიზონტალურად ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერია აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მისი თანამშრომლების ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დღეს დააკავეს ცხრა პირი: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, საქმისმწარმოებელი, თანამშრომელი, ასევე კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა 100-ზე მეტი ადამიანი. გარდა კომპანია „გრინ სერვისის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისა, რომელმაც ჩაუტარა შადრევანს რემონტი ვაკის პარკში, ასევე გამოიკითხნენ თბილისის მერიის თანამშრომლები, იმ სკოლის პედაგოგები და მანდატურები, სადაც სწავლობდა მოზარდი, მისი თანაკლასელები და მომხდარის მოწმეები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.