ვეტერანების ყოველთვიური დანამატი 100 ლარამდე გაიზარდა

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ომის ვეტერანების საპენსიო დანამატი 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, განაცხადა ვეტერების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.
გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ყოველთვიური დანამატის ხუთჯერ გაზრდას დაჰპირდა. კობალაძის თქმით, მთავრობის მეთაურმა სიტყვა შეასრულა.

„დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დანამატი შეიცვალა და გაიზარდა... 22 ლარის ნაცვლად ვეტერანები 100 ლარს მიიღებენ“, – განაცხადა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
დღეისათვის საქართველოში ვეტერანის სტატუსი აქვს მინიჭებული 66.479 ადამიანს. ესენი არიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ასევე გვიანი პერიოდების კონფლიქტების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს