თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთში გამართულ სამთო-სათხილამურო კურორტების ყოველწლიურ გამოფენაში National Snow Show, იუწყება ტურიზმის ადმინისტრაცია.
უწყება გამოფენაზე ბირმინგემში „მთის ტრასების სააგენტოსთან“ ერთად წარდგა. გამოფენას ესწრებოდნენ ცნობილი სნოუბორდისტები და მოთხილამურეები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილი იყო სტენდით, რომლის მეშვეობითაც გამოფენის სტუმრებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ქვეყნის სამთო კურორტებს.
საქართველო დიდ ბრიტანეთში სამთო-სათხილამურო კურორტების გამოფენაში მონაწილეობდა
© Tourism Department of Georgia
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის სამთო კურორტები და ცნობილი ბრენდები, რომლებიც მოთხილამურეებისთვის საქონელს უშვებენ.
National Snow Show – „ეროვნული თოვლის შოუ“ არის ადგილი, სადაც ბრიტანეთის სათხილამურო და სნოუბორდისტების საზოგადოება იყრის თავს. ისინი ემზადებიან და გეგმავენ თავიანთ სტუმრობას მსოფლიოს სხვადასხვა სამთო კურორტზე.