თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყველა ომგამოვლილს ვეტერანთა დღეს ულოცავს.
როგორც პატრიარქის მისალოც წერილშია აღნიშნული, ილია მეორე ულოცავს ყველას, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები.
„ვიცი, მრავალ თქვენგანს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ ამას არ იმჩნევს. შევთხოვ უფალს, შეჭირვებული ცხოვრება შეგიმსუბუქოთ. მოგცეთ რწმენის ძალა და ღვთის გზაზე დაუბრკოლებელი სვლის უნარი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
დღეისათვის საქართველოში ვეტერანის სტატუსი აქვს მინიჭებული 66.479 ადამიანს. ესენი არიან მეორე მსოფლიო ომისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები.