IJF-მა მსოფლიო რეიტინგი განაახლა - როგორ გადანაწილდნენ ქართველი ძიუდოისტები

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ლიდერობს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) განახლებულ რეიტინგში, რომელიც IJF-მა ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.

ტატო გრიგალაშვილი რეიტიგს სათავეში გასულ წელსაც ედგა. ტაშკენტში აღებული ოქროთი ქართველმა ფალავანმა თავისი პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა – მან მეორე ადგილზე მყოფ ბელგიელ მატიას კასეს 309 ქულით გაუსწრო.

ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მასში 11 ქართველი – 9 ვაჟი და 2 ქალი მონაწილეობდა.
რეიტინგში წინ წაიწიეს 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა. კერძოდ, მაისურაძემ მეშვიდე ადგილიდან მეხუთეზე, ხოლო ბექაურმა მეათედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. მაისურაძის ანგარიშზეა 3.725 ქულა, ხოლო ბექაურის – 3.500 ქულა.
ერთი პოზიციით დაწინაურდა (მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა) ილია სულამანიძე (100 კგ), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა. მის ანგარიშზე 3.792 ქულაა.
რეიტინგში უცვლელი დარჩა გურამ თუშიშვილის პოზიცია (+100 კგ) – ის კვლავ მეორე ადგილზეა. მან ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მას უსწრებს ტაჯიკი ტემურ რახიმოვი.
პოზიციები დათმეს:
90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა – მან განახლებულ რეიტინგში მეორე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.
ერთი პოზიციით დაქვეითდა ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და მეათე ნომერი გახდა.
73 კგ წონით კატეგორიაში პირველი პოზიცია დაკარგა ლაშა შავდათუაშვილმა და მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილზე მონღოლი ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი გავიდა.
66 კგ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილიდან მეექვსეზე გადავიდა ვაჟა მარგველაშვილი.
რაც შეეხება 60 კგ წონით კატეგორიას, ორი საფეხურით დაქვეითდა ლუხუმ ჩხვიმიანი – ის ამჟამად მეშვიდე პოზიციას იკავებს.
ქალებში ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც ტაშკენტში ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. ის ერთი პოზიციით დაქვეითდა და რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს