ღარიბაშვილი: ვეტერანების დაფასება ჩვენი ვალია

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ვეტერანების წვლილი და ღვაწლი ღირსეულად იყოს დაფასებული.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია დააფასოს ვეტერანები, რომელთა მაგალითზეც უნდა აღიზარდოს ახალგაზრდა თაობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გითხრათ ღირსეული და ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ ბევრი რთული პერიოდი, მათ შორის, ომი გამოიარა. გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
„ჩვენ ასეულობით ჩვენი ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ ომებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, დავაფასოთ მათი ეს ღვაწლი. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს აბადია – საკუთარი სიცოცხლე“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ვეტერანების წვლილი და ღვაწლი ღირსეულად იყოს დაფასებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს