თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიშინ ჩენმა საქართველოს და ADB-ს შორის 2023 წელს თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები განიხილა.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
„საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ასევე, საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებას, მიმდინარე და 2023 წელს დაგეგმილ ფისკალურ პარამეტრებს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.
ყურადღება დაეთმო იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში გეგმავს.
ქვეყნის გამოწვევებს შორის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, დასახელდა ინფლაცია და გაზრდილი ფასები ენერგორესურსებსა და ნავთობზე.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით.