თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხში ოპოზიციის ნაწილთან ითანამშრომლებს, განაცხადა დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა შვიდი კანდიდატი 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ.
„რადიკალური ოპოზიციის ბუნებიდან გამომდინარე მაინც და მაინც დიდი ოპტიმიზმით არ ვარ გამსჭვალული, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს კონსტრუქციულად მიუდგებიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ინტერესი აქვთ, ქვეყანა განვითარდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მათთან ერთად შესაძლებელი იქნება ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბება“, – განაცხადა სამხარაძემ.
მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მიანდო.
იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა, რაც არცერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია. მაგრამ „ქართული ოცნების“ ხმები ომბუდსმენის არჩევისას გადამწყვეტი იქნება, რადგან მას 75 დეპუტატი ჰყავს.