თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავში 19 წლის ბიჭმა ცივი იარაღით დედა დაჭრა, იუწყება ტელეკლომპანია „რუსთავი 2“
შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. 38 წლის ქალს ჭრილობა მუცლის არეში შვილმა სამზარეულოს დანით ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„(მას) აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, ამჟამად კი მისი მდგომარეობა შეეფარდება გადატანილ ტრავმას. მძიმე შოკის კლინიკა იყო, სისხლის დანაკარგი იყო დიდი, გაეწია შესაბამისი დახმარება და ახლა უკეთ არის", - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ.
თუმცა, მისი თქმით, პაციენტი მაინც მძიმე მდგომარეობაშია და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.
რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.