ტრაგედია ვაკის პარკში: ერთ-ერთი მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან გაწერეს.
ხუთშაბათს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 13 წლის ლაზარეს, იგი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა.

„რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, იგი გუშინდელი დღიდან საგრძნობლად გაუმჯობესდა. კლინიკიდან დიდი იმედით გამოვედი, დიდხანს ვესაუბრე ექიმს, რეანიმატოლოგს, ასევე ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ბიჭი ძალიან მალე დატოვებს კლინიკას", – განაცხადა აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.

ბოლო ინფორმაციით, ლაზარე კონტაქტური გახდა და იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს. მინისტრის თქმით, მოზარდს ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება უტარდება, ამიტომაც სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას.
„ეს საკითხიც განიხილებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მისი აუცილებლობა არ დგას. თუმცა, გუშინაც და დღესაც სრულად მზად ვიყავით. ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე ტარდება და არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა გუშინ მომხდარს ტრაგედია უწოდა და გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„მოხდა ძალიან საშინელი ფაქტი, ძალიან რთულია ყველასთვის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ყველა, ვინც დამნაშავეა, აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ რაიმე სახის დანაშაული ჩავიდინე, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო“, – განაცხადა კალაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ეპრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.