ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი

რეზოლუციაში ახალი და გასაკვირი არაფერია, მაგრამ გაუგებარია სასამართლოებზე გავლენის მოხდენის მსგავსი მცდელობა, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუცია სავსეა შეცდომებით, რადგან კანონდამრღვევ პირს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
PACE-მ გუშინ მიიღო რეზოლუცია, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნახსენებია როგორ პოლიტპატიმარი და მისი გათავისუფლება მოითხოვა. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შესწორება, რომელშიც სააკაშვილია ნახსენები, ინიცირებულია „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატების მიერ, რომლის ნაწილსაც ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
„მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა (სააკაშვილმა - რედ.). ყველა საქმეს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ ფაქტის გამო ვერ შერაცხავ ამ ადამიანს პოლიტიკურ პატიმრად. ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება“, - აღნიშნა სამხარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხსენება ისეთი სახით, როგორც ეს რეზოლუციაშია ასახული, მოწმობს იმას, რომ ჩანაწერი ნაჩქარევად არის გაკეთებული.
„ინიციატორთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე დელეგაციის და სახალხო პარტიის წევრები. ახალი და გასაკვირი არაფერია. გაუგებარია, შეფარვით მცდელობები, რომ ზეგავლენა მოახდინონ, თუნდაც სასამართლოზე“, - განაცხადა სამხარაძემ.
არანაირი პრივილეგია - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე >>
მისი თქმით, ქართული დელეგაცია აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს ევროპის საბჭოზე.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.