ბასილაია: „ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობდნენ ჩართულ შადრევანში"

თბილისის მერის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში შადრევნის რეკონსტრუქცია აგვისტოს ბოლოს დასრულდა და მას შემდეგ თბილისის მერიის თანამშრომლები ჩართულ შადრევანში ყოველდღიურად მუშაობდნენ, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, სისტემის ტესტირება აგვისტოდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს მოითხოვს.

„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს“, – განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რატომ არ იმუშავა ხელსაწყომ.
„როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ჩართულ შადრევანში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ. აქტიურად ტესტავდნენ სისტემას და რაიმე შემთხვევა არცერთხელ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ბასილაიამ.
მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ პროცედურებზე, რაც პროექტმა გაიარა. მისი თქმით, მერიამ კასკადის რეკონსტრუქციის პროექტი შეისყიდა, რომელიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ექსპლუატაციაში შევიდა. ამის შემდეგ დაიწყო თავად კასკადის რეკონსტრუქცია.
აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკონტროლებს, რა მოცულობის და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც ობიექტის ჩაბარების დრო მოდის, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც კეთდება ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო დასკვნა.
კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: მზად ვარ პასუხი ვაგო>>>
საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება, აღნიშნა ბასილაიამ.
ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და მცირე კასკადის განახლებას ითვალისწინებდა. აღნიშნულ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა.
გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება ვაკის პარკში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Green Service Plus-ის დამფუძნებლების, აგრეთვე ამ კომპანიისა და თბილისის მერიის თანამშრომლების გამოკითხვები.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინ სერვისი“ იყო და შადრევნის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ის შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.