ტრაგედია ვაკის პარკში: შსს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის პირობას დებს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე მიმდინარეობს გამოკითხვები, თუმცა ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ყველა, ვისაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში ბრალი მიუძღვის, დადგინდება და უმკაცრესად დაისჯება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და პატარა კასკადის განახლებას ითვალისწინებდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინ სერვისი“ იყო და შადრევნის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ის შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები.
„მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.

ასევე გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
მისი თქმით, შსს გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.
წყარო - შსს