ტრაგედია ვაკის პარკში: რის საფუძველზე ჩაიბარეს შადრევანი?

შადრევნის ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა, აცხადებენ თბილისის მერიაში.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში მდებარე შადრევანი, რომელიც დღეს ტრაგედიის ადგილად იქცა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნა ექსპლუატაციაში მიღებული, განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა.
ვაკის პარკში ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა. პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელი ჩაჰყვა. ბავშვებს დენმა დაარტყა. სამივე მათგანი „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ჩვენ იგი (ექსპლუატაციაში) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა ჩაატარა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ. დაიტესტა და ექსპერტიზაც ჩაუტარდა. შესაბამისად, მომხდარს გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია ეს“, – განაცხადა გიგაშვილმა.

მისი ინფორმაციით, შადრევანი დილით გაწმინდეს და არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
„ხარვეზი არ გამოვლენილა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში. აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა“, – განაცხადა გიგაშვილმა.
ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და მცირე კასკადის განახლებას გულისხმობდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა.