თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში ვინც დამნაშავეა, აუცილებლად დაისჯება, მათ შორის მეც, თუ დამნაშავე ვარ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინ სერვისის“ დამფუძნებლების და თანამშრომლების გამოკითხვა.
ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს, აგრეთვე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები.
გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.
ასევე გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.