მსოფლიო დღეს

ბაიდენი: მსოფლიომ რუსეთს არაორაზროვანი სიგნალი გაუგზავნა

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც უარს ამბობს რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღირებულ ლუგანსკსა და დონეცკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების ცნობაზე, მთელი მსოფლიოს არაორაზროვანი სიგნალია მოსკოვისთვის, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის ლიდერის თქმით, ამ სიგნალის არსი კი ისაა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება და არ შეუძლია ძალის გამოყენებით შეცვალოს ქვეყნების საზღვრები.

„მსოფლიომ მოსკოვს პასუხად არაორაზროვანი სიგნალი გაუგზავნა: რუსეთს არ შეუძლია რუკიდან წაშალოს სუვერენული სახელმწიფო. რუსეთს არ შეუძლია ძალით შეცვალოს საზღვრები. რუსეთს არ შეუძლია დაიპყროს სხვა ქვეყნის ტერიტორიები და თავისად გამოაცხადოს ისინი. უკრაინას კი აქვს იგივე უფლებები, რაც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს საკუთარი მომავალი, ხოლო მის ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, მშვიდობიანად იცხოვროს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, − ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუციით მსოფლიომ ისე ძლიერად, როგორც არასდროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რვა თვის განმავლობაში, წარმოაჩინა, რომ ერთ მუშტადაა შეკრული და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პასუხი აგებინოს რუსეთს ანექსიის მცდელობებისთვის.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 ოქტომბრის საგანგებო სესიაზე კენჭი უყარა აშშ-ისა და ალბანეთის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების არაღიარებას ეძღვნებოდა. მანამდე გაეროს უშიშროების საბჭოზე აღნიშნული დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა, ვინაიდან რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა.
გაეროს გენასამბლეის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე რეზოლუციას 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 35-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგი იყვნენ: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთი კორეა და ნიკარაგუა. ამასთან რამდენიმე სახელმწიფომ საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.